მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრემიერის ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი შედეგების მომტანი იქნება
მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრემიერის ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი შედეგების მომტანი იქნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს სურვილს, განვითარდეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს და ვიზიტის ფარგლებში, სწორედ ეს საკითხები განიხილება.

„მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით.

რა თქმა უნდა, პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით და ჩვენ განვიხილავთ ამ ვიზიტისას საკითხებს, რომელიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, კულტურულ კავშირებს, პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად დღეს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება.