საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
„აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო, ერთი წლის წინ, გიორგი გახარიას შეხვედრა პარიზში ფრანგ კოლეგასთან, ჟერარ კოლომბთან.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის, ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.