ლუკა გუგეშაშვილი: ფრანგებთან სტუმრად არ გაგვიმართლა, ვეცდებით, შინ მოვუგოთ
ლუკა გუგეშაშვილი: ფრანგებთან სტუმრად არ გაგვიმართლა, ვეცდებით, შინ მოვუგოთ

21-წლამდე ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში საფრანგეთთან გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე” გასამართ შეხვედრაზე კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

ლუკა გუგეშაშვილი: „საფრანგეთი ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია და ნამდვილად რთული მეტოქეა. მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაშიც დავამტკიცეთ, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან თამაში შეგვიძლია და შევეცდებით, რომ ეს გავიმეოროთ. სამწუხაროდ, იმ მატჩში არ გაგვიმართლა და ახლა ვეცდებით, რომ თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ გუნდში არსებული დანაკლისი არ შეგვეტყოს და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“.

ირაკლი ბუღრიძე: „გუნდი კარგ განწყობაზეა, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. სასიამოვნოა, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება. სამწუხაროდ, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლია, თუმცა მაღალ დონეზე თამაში ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია და შევეცდებით, რომ ეს დავამტკიცოთ”.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში საფრანგეთს გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე” უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით საფრანგეთი მეორე ადგილზეა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კი, ექვს მატჩში დაგროვებული 6 ქულით მესამეზეა.