საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იდიგოვი - მცირე ჯგუფებს შორის უთანხმოების ეთნიკურ ნიადაგზე შუღლად წარმოდგენა უფრო ამწვავებს ვითარებას
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იდიგოვი დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მცირე ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოების ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებულ შუღლად წარმოჩენა ვითარებას უფრო ამწვავებს.
„გუშინდელი ფაქტის გამო ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ეს არის ჩვენი ჩამოსვლის საფუძველი. ვხედავ მცირე ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოების ეთნიკურ ნიადაგზე შუღლად წარმოდგენას, რაც ძალიან ცუდია და უფრო აღვივებს სიტუაციას.
სამწუხაროდ, ვფიქრობ, ზოგ მედიაში ისე მკაცრად იყო წარმოდგენილი სიტუაცია, რომ ადამიანებში გააღვივა შუღლი, ქსენოფობიური გამონათქვამები, კომენტარები წამოვიდა, რის საფუძველზეც ადამიანები უფრო მობილიზდნენ აქციაში ჩართვისთვის“, – განაცხადა რამინ იდიგოვმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა.
დმანისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.