საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის
საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის

საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის. ლაბორატორიის შექმნა ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის შედეგად დაიწყება. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ მოაწერეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის საქართველოში ხელოვნების ნიმუშების ლაბორატორიის დაარსების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. სახელმწიფო ლაბორატორია უზრუნველყოფს საქართველოსა და რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსურ საექსპერტო კვლევას და შესაბამისი კვლევითი პროცესების ორგანიზებას. მათ შორის, ავთენტურობის დადგენას.

თეა წულუკიანის განცხადებით, მსგავსი მომსახურება საქართველოში აქამდე არ არსებობდა.

„დღეს ჩვენ საქართველოს კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ვმასპინძლობთ მეოცე საუკუნის გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის ფონდს. ჩვენ დღეს ამ ფონდთან ხელს ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს და ხაზგასასმელია ის დადებითი ემოცია, რომელიც ყველას გვაქვს, რადგან ამ ფონდის ხელმძღვანელობასთან ერთად მემორანდუმის ხელმოწერის პროცესს ესწრება თავად მხატვრის ქალიშვილი, სოფო ფარჯიანი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ფონდის დახმარების შედეგად, კონსულტაციისა და სხვა ტიპის ხელშეწყობის შედეგად, საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევაზე, ექსპერტიზაზე და განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოს მათ შორის ავთეტურობის დადგენის ნაწილში. ამგვარი მომსახურება ქართველი და რეგიონის ხელოვანებისთვის, სახელმწიფოსგან დღემდე არ არსებობს საქართველოში და ირაკლი ფარჯიანის ფონდი, მისი კვლევითი ცენტრი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა, სახელმწიფოს მხრიდან ამ ხარვეზს ცდილობდა, რომ შეევსო თავისი ძალებით, ავსებდა ამ ხარვეზს წარმატებით და იცავდა ქართველი ხელოვანების და არა მხოლოდ ქართველი ხელოვანების უფლებებს, რასაც მომავალში გააგრძელებს კიდეც. მაგრამ ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა სახელმწიფო მომსახურებაც, სწორედ ამ სახელმწიფო ლაბორატორიული კვლევის ცენტრის მომსახურების მიზნით, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს საქართველოში, კულტურის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ლაბორატორია დაარსდეს და ამისათვის ჩვენ დაგვეთანხმა ფონდი, ფონდის ხელმძღვანელობა, რომ გაგვიწიოს კონსულტაცია და დახმარება. კომპლექსური კვლევის შესაბამისი სახელმწიფო ექსპერტიზის გარეშე, რომელიც იტყვის ესა თუ ის ნახატი, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ, ეკუთვნის თუ არა მოცემულ ავტორს, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის არა მხოლოდ საავტორო უფლებების დასაცავად, არამედ ქართული კულტურის ქართული კულტურისა და ქართული კულტურის ნიმუშების სათანადო ხარისხის დასაცავად. ამიტომ, დღეს ჩვენთვის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღეა და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ხელმოწერამდე დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ფარჯიანის ფონდს, სოფო ფარჯიანს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თანამშრომლობისთვის და დღევანდელი ხელმოწერისთვის მუშაობდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარე მიხეილ ჯიქია კი აცხადებს, რომ მსგავსი კვლევითი ცენტრი არასდროს ყოფილა არც სახელმწიფოს პატრონაჟითა და არც კერძო ინიციატივით.

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც არ არის მსგავსი კვლევითი ცენტრი, ეს კონკრეტულად იქნება საექსპერტო დაწესებულება, რომელიც დაკავშირებული იქნება ხელოვნების ნაწარმოებების გამოკვლევასთან. ეს გამოკვლევა ძალიან ბევრი მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ავთენტურობის დადგენის მიზნით. ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა, რომელსაც ფარავს ამ ცენტრის საქმიანობა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენმა ფონდმა, როგორც ირაკლი ფარჯიანის საავტორო უფლებების დაცვით დაინტერესებულმა მხარემ, ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიზრუნეთ ამაზე და ეს პრინციპში უკვე მოქმედებს ჩვენს სტრუქტურაში მსგავსი ცენტრი, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად ერთ ავტორთან მიმართებაში გვაქვს ეს განაცხადი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, ის უკვე ფარავს გაცილებით უფრო მეტს, უფრო მეტი რესურსი აქვს ამ კუთხით, ადამიანური, მატერიალური, ტექნიკური. შესაბამისად, ეს ინიციატივა გაცილებით მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელი ზუსტად ამ მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი ფარჯიანმა.

სოფო ფარჯიანის შეფასებით, დღეს ისტორიული დღეა.

„საქართველოს ხელოვნების ისტორიაში ეს არის ისტორიული დღე, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი დღიდან უკვე ლაბორატორიული, ქიმიური, რადიოლოგიური თუ სხვა რაიმე ტიპის ღრმა, საფუძვლიანი გამოკვლევა დაიწყო ხელოვნების ნიმუშთა მიმართ, რაც იმას გამოიწვევს, რომ ბაზარზე გაქრება ნებისმიერი ფალსიფიკაცია და არა მხოლოდ ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების, არამედ სხვა წარჩინებული ხელოვანების. ასევე, ეს ლაბორატორია და ჩვენი კვლევითი ცენტრი იქამდე, ვიდრე ეს ლაბორატორია დაიწყებს მუშაობას, უზრუნველყოფს იგივენაირ ექსპერტიზას ესპანეთის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით და ამის გარდა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ რესტავრაცია და კონსერვაციის გამოკვლევასაც“, – განაცხადა სოფო ფარჯიანმა.