„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობასთან კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას უზრუნველყოფს, რათა შახტებში უსაფრთხოების დონე შენარჩუნდეს, – აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა.

„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება.

ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტი დაიხურება და არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება, როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ამასთან, „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ გამოთქვა მზადყოფნა, კომპანია „საქნახშირი“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.