განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყება
განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყება

საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება. ამ მიზნით, ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია „Input Output HK Ltd”-ის ექსპერტები საქართველოს ივლისში ეწვევიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ივლისიდან აქტიურად დაიწყება და წლის ბოლომდე ქვეყანას კონკრეტული შედეგი ექნება.

საუბრისას, დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და IOHK-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ბიზნესისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვაში ერთ-ერთი ლიდერია და განათლების რეფორმის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან პარტნიორობა მისასალმებელია.

IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

ჩარლზ ჰოსკინსონი დარწუნებულია, რომ პარტნიორობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება და წარმატებული თანამშრომლობა შედგება კაპიტალის ბაზრების, ჯანდაცვის სფეროსა და ანგარიშსწორების სისტემების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.