„საქართველოს ფოსტას“ ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებების გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა რეპუტაციული ზიანი, – ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბოლო დღეებია, ცალკეული მედიასაშუალებებით მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ეროვნული საფოსტო ოპერატორის, კომპანია „საქართველოს ფოსტისა“ და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.
საფუძვლად აღებულია წმინდა სამეურნეო პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კომპანიის გორის ფილიალში და ის ამჟამად წარმატებით არის დასრულებული საუკეთესო შრომითი ურთიერთობის პრაქტიკის შესაბამისად.
„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი საფოსტო ოპერატორი და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ამავე დროს, კომპანია, პანდემიის გავრცელების პირველივე თვეებიდან, მუშაობს ექსტრემალურ რეჟიმში, რაც არაერთხელ აღნიშნულა იმავე მედიასაშუალებების მეშვეობით. „საქართველოს ფოსტის“ თითოეულ თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „საქართველოს ფოსტამ“ მაღალ დონეზე გაართვა თავი მნიშვნელოვან ვალდებულებებს, მათ შორის, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება და სხვა.
„საქართველოს ფოსტა“, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი, პანდემიისა და მისგან განპირობებული დაბრკოლებების მიუხედავად, დღესაც განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მათ შორის, ახორციელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის, დოკუმენტაციის, მედიკამენტებისა და პროდუქტის მიწოდება“, – აღნიშნულია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომლის შრომითი უფლებები იყოს დაცული.
„ამავე დროს, კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“, როგორც ეროვნულ საფოსტო ოპერატორს აქვს ქვეყნისა და საფოსტო მომსახურების ბენეფიციარებს შორის. ამდენად, კომპანიაში სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი წყდება საფოსტო სერვისის უწყვეტობის გათვალისწინებით. ასე მოხდა, გორის ფილიალის შემთხვევაშიც. კურიერების მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგად, დაზარლდა 3 000-ზე მეტი მომხმარებელი, რომლებმაც გზავნილები დაგვიანებით მიიღეს, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. ამასთანავე, „საქართველოს ფოსტას“ მიადგა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი.
აღსანიშნავია, რომ კურიერების მხრიდან არ მომხდარა „საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტის, მათ შორის, გორის ფილიალის ხელმძღვანელობის ინფორმირება გაფიცვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს გაფიცვის უფლება, იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაფიცვის სურვილის შემთხვევაში, წინასწარ უნდა მოხდეს დამსაქმებლის ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ ამ ქმედებით ზიანი არ მიადგეს მომხმარებლებს. შედეგად, მოხდა საფოსტო სერვისებზე აბონენტების წვდომის შეწყვეტა. „საქართველოს ფოსტამ“ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი იქნა სასამართლოში.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კომპანიასა და გაფიცული თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, კურიერებმა უკვე შეწყვიტეს გაფიცვა, დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს და შესაბამისად გააგრძელეს მუშაობა „საქართველოს ფოსტასა“ და მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
დღეს გორის ფილიალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა „საქართველოს ფოსტას“ ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებების გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა რეპუტაციული ზიანი.
„საქართველოს ფოსტა“ იყო, არის და რჩება საქართველოს თითოეული მოქალაქის სამსახურში“, ნათქვამია საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.