„საქართველოს ფოსტამ“ პირველი არხის მარკა გამოსცა
„საქართველოს ფოსტამ“ პირველი არხის მარკა გამოსცა

„საქართველოს ფოსტამ“ ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით პირველი არხის მარკა გამოსცა. 2022 წელს საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 65 წელი შესრულდა, შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის, „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით გამოიცა პირველი არხის მარკა.

მარკის ესკიზზე „საქართველოს ფოსტამ“ და პირველმა არხმა ერთობლივად იმუშავეს.

„ტელემაუწყებლობის დაწყება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული მედიის ისტორიაში. 1956 წლის 30 დეკემბერს თბილისის ტელეანძიდან პირველი სატელევიზიო სიგნალი გადაიცა. საიუბილეო წელს, ჩვენი სურვილი იყო, ეს მოვლენა ხელშესახები გაგვეხადა და „საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით გამოიცა მარკა. საქართველოდან ან საქართველოსთვის გზავნილების განხორციელება ახლა უკვე პირველი მაუწყებლის მარკით არის შესაძლებელი“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ამასთან, „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის თქმით, პირველი არხის მარკა 25 000-იანი ტირაჟით გამოიცა.

„ვულოცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, ყველა თანამშრომელს საიუბილეო თარიღს. ზუსტად 65 წლის წინ განხორციელდა პირველი პირდაპირი საეთერო ჩართვა მთაწმინდის ანძიდან. გასულ წელს, „საქართველოს ფოსტისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა იდეა, რომ გამოცემულიყო მარკა, რამაც მარკის კომისიაზე რეალიზება ჰპოვა, მხარდაჭერილ იქნა მსგავსი მარკის გამოცემა. დიზაინერების, შორენა ხომერიკისა და გიორგი მამულაშვილის მიერ შეიქმნა მარკა, რომელზეც გამოსახულია ანძა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო. გამოიცა 25 000-იანი ტირაჟით, რომლის ნომინალური ღირებულება გახლავთ ორი ლარი“, – განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

მარკა უკვე მიმოქცევაშია და მსურველებს მისი შეძენა „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.