„საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს გამოფენას, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ფოტო-ვიდეომასალა, ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები, მათ შორის საქართველოს პირველი არხის მარკა [ფოტო]

„საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები, მათ შორის საქართველოს პირველი არხის მარკა.

გამოფენა ფოსტის ისტორიული განყოფილების ტერიტორიაზე იმართება.

გამოფენას დაესწრო საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. მისი თქმით, ამაყია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს საქართველოს პირველი არხის მარკა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ჩვენს კულტურას, ისტორიას და იდენტობას უკავშირდება, მით უმეტეს, დღევანდელ სამყაროში. წარმოდგენილია არაჩვეულებრივი კოლექცია, მათ შორის საკოლექციო მარკები, რომლებიც კარგად ასახავს საქართველოს. ამაყი ვარ, რომ ამ კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს პირველი არხის მარკა, რომელიც ასახავს ქართულ რეალობას, როგორც პირველ მაუწყებელს. მიხარია, რომ ამ ყველაფრის დათვალიერებას შეძლებს ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რათა კარგად შეისწავლოს ისტორია, კულტურა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

გამოფენა „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს საქართველოში საფოსტო საქმიანობის ისტორიას.