„საქართველოს ფოსტის" პრივატიზაციის საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო
„საქართველოს ფოსტის" პრივატიზაციის საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო

„საქართველოს ფოსტის” პრივატიზაციის საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზაციის საკითხი მიმდინარე წელს იდგა დღის წესრიგში, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს მთავრობა მომავალ წელს დაუბრუნდება.

„საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით გვქონდა გეგმა, მის პრივატიზაციის, დავიწყეთ კიდეც ამაზე მუშაობა, ჩვენს მიერ მოწვეული საერთაშორისო აუდიტი იყო შესული, რომელთაც უნდა გაეკეთებინათ შეფასება, რადგან მთავარი ამოცანა იყო პრივატიზაციის იმდაგვარად დაგეგმვა, რომ სოციალური საკითხები ყოფილიყო დაცული. სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას ფოსტა აუცილებლად უნდა მოემსახუროს და ეს უნდა ყოფილიყო ინვესტორისთვის ვალდებულება, თუმცა პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები. ვფიქრობთ, რომ უფრო უპრიანია საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს, როდესაც ბიზნესგარემო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.