საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები" იწყება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 10 აპრილიდან საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები” იწყება. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან როგორ ხვდებოდნენ აღდგომას ქართველი მეფეები; როგორი იყო საქართველოში აღდგომის აღნიშვნის ძველი ხალხური ტრადიციები და რა შემორჩა დღეს; როგორ ემზადება მსოფლიო აღდგომის შესახვედრად და როგორ ზეიმობს ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანა;
ასევე, რატომ ითვლება სააღდგომო სუფრის ატრიბუტებად კვერცხი, პასკა, ჯეჯილი და რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მათ; რომელია იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებული წმინდა ადგილები; როგორ აისახა აღდგომის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში; ვინ არის კარლ ფაბერჟე და რა ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში აღდგომის თემას.
პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. დასასრულს ბავშვებს ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა.