საქართველოს ელჩი - საქართველოს მოქალაქეებს ვეხმარებით, როგორც საბუთების მომზადების, ისე უკრაინის ტერიტორიის დატოვების კუთხით, ვცდილობთ, ყველა მოქალაქის გადაადგილებას გავყვეთ ბოლომდე
საქართველოს ელჩი - საქართველოს მოქალაქეებს ვეხმარებით, როგორც საბუთების მომზადების, ისე უკრაინის ტერიტორიის დატოვების კუთხით, ვცდილობთ, ყველა მოქალაქის გადაადგილებას გავყვეთ ბოლომდე

მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს საელჩოებთან და ვცდილობთ, ყველა მოქალაქის გადაადგილებას გავყვეთ ბოლომდე, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„მე ამჟამად ლვოვში ვიმყოფები, სადაც გუშინწინ საღამოს ჩამოვედი, რათა ადგილზე ჩავრთულიყავი იმ საკონსულო პუნქტის მომზადებაში და ტექნიკურად გამართვაში, რომელიც ეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, გავიდნენ უკრაინიდან. ასევე, იმ მიზნით, რომ შევხვედროდი ოლქისა და ქალაქის ხელმძღვანელობას. კიევში საელჩო აგრძელებს ფუნქციონირებას. მომსახურება გრძელდება. პირველ რიგში, ეს შეეხება საბუთებს, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ ქვეყანაში დაბრუნება. ასევე, აგრძელებს მუშაობას ჩვენი გენერალური საკონსულო ქალაქ ოდესაში და როგორც უკვე გითხარით, შექმნილია საკონსულო პუნქტი ლვოვში, სადაც ალბათ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქეა თავმოყრილი, რომლებიც მოსაზღვრე ქვეყნებში გასვლას ცდილობენ. ჩვენ ძირითადად ამაში ვეხმარებით მათ, როგორც საბუთების მომზადების კუთხით, ასევე ქვეყნის ტერიტორიის დატოვების კუთხით“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინის დედაქალაქში არსებულ ვითარებას, საქართველოს ელჩის თქმით, კიევში რამდენიმე მიმართულებაზე არის ბრძოლები.

„ქალაქის ცენტრში და თვითონ ქალაქში მეტნაკლებად სიმშვიდეა, თუმცა პერიოდულად ცხადდება განგაში და მოქალაქეებს უწევთ თავშსაფრებში შესვლა, ისევე, როგორც კიევში, ჩვენს საელჩოში ამჟამად მყოფ თანამშრომლებს. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ამ დღეებში გაიზრდება ზეწოლა და იერიშები კიევის მიმართულებით. შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის ჯარებს გაკეთებული აქვთ გარკვეული ნახევარრკალი ​კიევის გარშემო. შესაბამისად, გრძელდება ბრძოლები უკრაინისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჯერჯერობით ახერხებენ მათ შეკავებას, თუმცა, როგორც გითხარით, მოსალოდნელია ამ შეტევების გამძაფრება უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

კითხვაზე, საბრძოლო მოქმედების არეალში თუ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, ელჩმა განაცხადა, რომ მარიუპოლსა და ხარკოვში არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა მარიუპოლთან ამ ეტაპზე კავშირი არ არის.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მარიუპოლზე, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქალაქი სრულად არის ბლოკირებული, არ არის კავშირი და ამიტომ ვერ ვახერხებთ ზუსტი ინფორმაციის დადგენას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არიან მოქალაქეები, თუმცა მათთან დაკავშირება შეუძლებელია. ისინი უნდა დაელოდონ ამ შესაძლო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რათა მოახერხონ ქალაქის დატოვება. როგორც გითხარით, ყველაზე რთული ვითარება იქ არის, ქალაქი არის გარშემორტყმული, ბლოკირებული, არ არის კავშირგაბმულობა. მოქალაქეები არიან დარჩენილი ხარკოვშიც, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბევრი არა. მარიუპოლისგან განსხვავებით, ხარკოვის დატოვება შესაძლებელია, ძირითადად რკინიგზის მეშვეობით, ამიტომ მოქალაქეები გამოდიან ხარკოვიდანაც, კიევიდანაც, ოდესის ოლქიდანაც, რაშიც მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა.

კითხვაზე, რა ვითარებაა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის კუთხით და რამდენი ადამიანი ელოდება სამშობლოში დაბრუნებას, გიორგი ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ცდილობენ, საქართველოს ყველა მოქალაქის გადაადგილებას თავიდან ბოლომდე გაყვნენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაკოორდინირებით, ჩვენ გავაკეთეთ საავტობუსო ხაზი ლვოვი-ვარშავა. ამ ავტობუსში 54 ადგილია და მოქალაქეები მიჰყავს საზღვრამდე. შემდეგ ჩვენი საელჩოს მიერ პოლონეთიდან გამოგზავნილი ავტობუსი ხვდება მათ და აგრძელებს გზას ვარშავისკენ. 10 მარტამდე გვქონდა ჩვენ ეს ავტობუსები დაგეგმილი, თუმცა გუშინ გავაგრძელეთ 12 მარტის ჩათვლით. ხვალისთვის და ზეგისთვის შევსებულია. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 100 მოქალაქე ჯერ კიდევ არის ლვოვსა და მის შემოგარენში. ასევე, არიან მოქალაქეები ჩერნოვციში, ოდესის ოლქში და სხვა მიმართულებებზე, თუმცა ისინი, ოდესის ოლქიდან ძირითადად მიდიან მოლდოვის მიმართულებით, სადაც ჩვენი საელჩო მოლდოვაში ეხმარება; ასევე რუმინეთის მიმართულებით, სადაც ასევე ჩართულია ჩვენი საელჩო და როგორც გითხარით, პოლონეთის მიმართულებით ლვოვიდან. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს საელჩოებთან და ყველა მოქალაქის გადაადგილებას ვცდილობთ, გავყვეთ თავიდან ბოლომდე. ასევე, ჩართულია სხვა საელჩოებიც, მათ შორის, ჩვენი საელჩო თურქეთში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მოქალაქეების გადაადგილებას რუმინეთიდან, ან მოლდოვიდან თურქეთის გავლით. ანუ არის სრული კოორდინაცია სამინისტროსთან, მთავრობასთან. შესაბამისად, ჯერჯერობით ხერხდება გადაადგილების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი სირთულე არის იმ ქალაქებიდან გამოსვლისას, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ეს იყო კიევის მისადგომებთან, ბუჩა, ირპენი, ასევე ხარკოვი, მარიუპოლი, ნიკოლაევი, სუმი. სამწუხაროდ, ბევრი ქალაქია, საიდანაც ხალხს უწევდა სროლისა და დაბომბვის ქვეშ გამოსვლა. ცხადია, ეს ძალიან რთულია. ცხადია, ეს არის უზარმაზარი ტრავმა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ზოგს ხარკოვში, ბუჩაში, ირპენში საცხოვრებელიც აღარ აქვს. შესაბამისად, ძალიან მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. მინდა, გითხრათ, რომ ლვოვის ოლქში ჩამოსულია, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, 200 000-მდე ლტოლვილი, რაც აქაურ მდგომარეობასაც აახლოებს ჰუმანიტარულ კატასტროფასთან, ვინაიდან შევსებულია ყველა მუნიციპალური და ყველა შესაძლებელი ფართი. ეს არის სკოლები, პროფსასწავლებლები, ყველა ფართი, რომელიც შეიძლება გამოიყოს ლტოლვილებისთვის, გამოყოფილია, თუმცა ესეც არ ჰყოფნით. ძალიან მძიმე ვითარება არის ამ წუთში ყველა იმ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება პოლონეთს, ან რუმინეთს და საიდანაც ხალხი ცდილობს, რომ გავიდეს უკრაინიდან“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

მისივე თქმით, საელჩოს არ მიუღია ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების შედეგად საქართველოს რომელიმე მოქალაქის დაშავების შესახებ.