საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U18 ნაკრები მონღოლეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U18 ნაკრები მონღოლეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 18 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრები მონღოლეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ ასაკში პლანეტის უმთავრეს 3×3 საკალათბურთო ტურნირს მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი 3-დან 7 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ქართულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის ზედიზედ მე-4 მსოფლიო პირველობაა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მუნდიალზე 2015, 2016 და 2017 წლებში იასპარეზა, ხოლო 2018 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ამ წელს მსოფლიო პირველობა ჩაანაცვლა.

მონღოლეთში ვაჟთა და გოგონათა მსოფლიოს 20-20 საუკეთესო ნაკრები მოიყრის თავს. ვაჟთა ჩემპიონატში მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა – აშშ-ის, ლატვიის, ბელარუსისა და მასპინძელ მონღოლეთის ნაკრებებთან. ამერიკის ნაკრების სიძლიერეზე საუბარი ზედმეტია, ხოლო მონღოლეთის ნაკრები 2017 წლის აზიის თასის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრების ღირსებას მონღოლეთში დაიცავენ: ნიკა ნიკოლაიშვილი (ორბი), ირაკლი სულხანიშვილი (აკადემია), ვლადიმერ თავაქარაშვილი (დინამო) და ლაშა მიქელაძე (აკადემია).

ისევე, როგორც წინა წლებში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მონაწილეები რეიტინგით შეირჩნენ. 3×3 კალათბურთში მსოფლიო რეიტინგის სიაში საქართველოს ფედერაცია ამჯერადაც 20-ეულშია და ჩვენს ნაკრებსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრში ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეოთხედ მიეცა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლა გახლავთ. ჩვენმა გუნდმა 2016 წელს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ასპარეზობისას მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდს შორის მოახერხა მოხვედრა.

მიმდინარე წლის 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია სათამაშო დღეების მიხედვით ქვემოთ წარმოდგენილ „ფიბა“ (FIBA) 3×3-ის „იუთუბის“ (YouTube) არხზე განხორციელდება.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია