გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „ნუგელამ“ მოიგო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „ნუგელამ“ მოიგო

ბათუმში დასრულდა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი 3X3 კალათბურთში. ტურნირის ფინალური ეტაპი ბათუმის ბულვარში ჩატარდა, რომელიც ეროვნული გმირის შვილის ანა ანწუხელიძის მიერ შესრულებული ჰიმნით გაიხსნა.

დასკვნით ეტაპზე თასის მოსაპოვებლად თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 8 გუნდმა იასპარეზა. ფინალში ერთმანეთს გენერალური შტაბის გუნდი „ორბი“ და დასავლეთ სარდლობის გუნდი „ნუგელა“ დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „ნუგელას“ გამარჯვებით, ანგარიშით 11:7 დასრულდა.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტურნირზე დაწესებული იყო საპრიზო ფონდი – პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულმა წევრმა ჯილდოდ 1500 ლარი მიიღო. ფულადი ჯილდო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების მოთამაშეებსაც ერგოთ – 1000 და 500 ლარის ოდენობით.

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მის დაბადების დღეს 18 აგვისტოს გაიხსნა და ის ყოველ წელს გაიმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გიორგი ანწუხელიძის ვაჟს, რომელსაც სპორტის ამ სახეობის მიმართ დიდი ინტერესი გააჩნია, სპორტულ განვითარებაში ხელს შეუწყობს და კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე შესწავლაში დაეხმარება.

ტურნირი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით დასრულდა.