3x3-ზე კალათბურთი | Red Bull Half Court-ის საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული გუნდი Scooby გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

Red Bull Half Court-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელით გუნდი Scooby იასპარეზებს, რომელმაც ექვსქულიანი უპირატესობით, 19:13 დაამარცხა 2022 წლის ჩემპიონი Old Eagles-ი და 16-17 სექტემბერს სერბეთში დაგეგმილი Red Bull Half Court-ის მსოფლიო ფინალის საგზური მოიპოვა.

საქართველოს 2023 წლის შესარჩევი ეტაპი ორ დღეს (2-3 სექტემბერი) გაგრძელდა. მასში 30-მდე გუნდი მონაწილეობდა, ფინალისთვის კი 16 საუკეთესო შეირჩა.

ჩემპიონი გუნდი Red Bull Half Court-ში მეორედ მონაწილეობს. Scooby გასულ წელს შეჯიბრებას ნახევარფინალში Old Eagles-თან დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.

Red Bull Half Court-ის საქართველოს ფინალზე, 3×3-ზე კალათბურთის გარდა, გაიმართა გრაფიტის კონკურსი, სკეიტერების შეჯიბრება, არტისტ თერიკასთან ერთად მოეწყო ჰიპ-ჰოპ შესვენება. შეჯიბრების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა DJ Crusher-მა.

Scooby-ის კაპიტანია დავით დადუნაშვილი, გუნდის შემადგენლობაში თამაშობენ: მამუკა ბაზუაშვილი, ბილალ ალიევი და ვასილ ბერუაშვილი.

Red Bull Half Court-ის მსოფლიო ფინალი 16-17 სექტემბერს ბელგრადში, კალემეგდანის ციხე-სიმაგრეშია დაგეგმილი.

3×3-ზე კალათბურთის მსოფლიო ფინალში მონაწილეობას 30-მდე ქვეყნის გუნდი მიიღებს.

შეჯიბრება FIBA-ს წესების მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა ღონისძიების „ტვისტი“ ის ბონუს ქულაა, რომელსაც გუნდი „მოედნის დაპყრობისთვის“ მიიღებს. ყველა თამაში ჩატარდება „სპალდინგის“ ოფიციალური ბურთით, რომელიც სპეციალურად Red Bull Half Court-სთვის არის შექმნილი.