საქართველო, შავი ზღვის გასაღები - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ინსტიტუტი საქართველოს შესახებ მასალას ქვეყნებს
საქართველო, შავი ზღვის გასაღები - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ინსტიტუტი საქართველოს შესახებ მასალას ქვეყნებს

საქართველო, შავი ზღვის გასაღები, ამ სახელწოდებით სტატიას აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ინსტიტუტი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მართალია, თავდაცვის სფეროს ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირი და ანალიტიკოსი ყურადღებას თითქმის მთლიანად უთმობს საფრთხეებს ჩინეთის მხრიდან, რუსეთის უგულებელყოფა ამ მხრივ შეცდომა იქნებოდა.

“გრძელვადიან ჭრილში ჩინეთი მართლაც წარმოადგენს უფრო დიდი შეშფოთების საგანს, რადგან რუსეთის ეკონომიკა ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის მზარდ მოსახლეობას, სამხედრო ხარჯებს და საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე ვერ მიჰყვება ფეხდაფეხ ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ ჩინეთის ეკონომიკურ სიძლიერეს – მიუხედავად ამისა, ეს არ გამორიცხავს საფრთხეს, რომელსაც რუსეთი მოკლევადიან ჭრილში წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის. ისტორია გვასწავლის, რომ ძალაუფლებისთვის წარმოებული ბევრი დიდი კონკურენცია კონფლიქტით მთავრდება, როცა ახალი ძალა „საბრძოლველად იწვევს“ დიდი ხნის განმავლობაში დომინანტ ძალას. ფენომენი, რომელსაც ისტორიკოსი გრემ ელისონი „თუკიდიდეს ხაფანგს“ უწოდებს, თავს იჩენს, როცა ჰეგემონი სირთულეებს აწყდება ახალ მსოფლიო წყობასთან მორგების თვალსაზრისით, რომლის ფარგლებშიც მას მოუწევს ძალაუფლების გაზიარება – შედეგად, ჰეგემონი ხშირად უნებლიეთ იწყებს კონფლიქტს და ცდილობს აღზევების გზაზე მდგარი ახალი ძალის დათრგუნვას.

პელოპონესის ომის დროს ასეთმა კონფლიქტმა გამოიწვია ჰეგემონის განადგურება, რომელმაც სათანადოდ არ დააფასა ახალი ძალის სიმტკიცე და მოსახლეობის ნება. თუკი ამერიკის შეერთებული შტატები გაება ასეთ მახეში ჩინეთთან მიმართებაში, იგი მზად უნდა იყოს აღმოსავლეთში ბრძოლისთვის ამავე დროს, თავი უნდა აარიდოს მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთში. ასეთ სიტუაციაში რუსეთი, დიდი ალბათობით, შეეცდება ამერიკის შეერთებული შტატების (რომლის ყურადღება გადატანილი იქნება სხვა მიმართულებით) და ნატო-ს ალიანსის სიმტკიცის გამოცდას, როგორც მან ოდესღაც სათავისოდ გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში უყურადღებობა ახლო აღმოსავლეთში და კვლავ მოიკიდა ფეხი შავ ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ორ ფრონტზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰყავდეს ისეთი მოკავშირეები, რომლებიც მზად იქნებიან, საკუთარი ძალებით წინ აღუდგნენ რუსეთს. ნატო-ს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი განმარტავს: „გლობალურ არენაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ უპირატესობას წარმოადგენს მისი მოკავშირეების, პარტნიორებისა და მეგობრების ქსელი“. მოკავშირეებს შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გაძლიერება რთულად მისადგომ ადგილებზე წვდომის, ლოგისტიკის ხელშეწყობის და დაზვერვის ღირებული ინფორმაციის გაზიარების გზით“, – ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია:

ამჟამინდელი საფრთხე

მოკლევადიან ჭრილში კონფლიქტი უფრო სავარაუდოა რუსეთთან. მთლიანი შიდა პროდუქტის წილის თვალსაზრისით, რუსეთი მეტს ხარჯავს შეიარაღებულ ძალებზე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ან ჩინეთი (თუკი ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს შევადარებთ).

რუსეთი კონცენტრირებულია შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, საზღვრების გაფართოებაზე და კონფლიქტისთვის მზადების პროცესში, თავისი შესაძლებლობების ამაღლებაზე. რუსეთი აგრესიულად იქცევა და შეიჭრა კიდეც ამერიკის პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. გარდა ჰიბრიდული ომის საშუალებებისა, რომელიც ბოლო წლებში საინფორმაციო საშუალებებში წამყვან თემად იქცა, რუსეთი განაგრძობს ზღვასა და ჰაერში ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრას და ემუქრება სავაჭრო მარშრუტებს. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში კი რუსეთის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის დაბრკოლებების შექმნა.

რუსეთი შავ ზღვაზე

შავი ზღვა, ხმელთაშუაზღვისპირეთის და ახლო აღმოსავლეთის გავლით, წარმოადგენს რუსეთის კარიბჭეს მსოფლიოში. მონტროს კონვენციით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების რაოდენობა, რის გამოც შავი ზღვა რუსეთისთვის იდეალური ადგილია წვრთნების მინიმალური დაბრკოლებებით ჩასატარებლად. საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანახმად, რუსეთი ხშირად აწესებს შეზღუდვებს შავი ზღვის დიდ სექციებზე, წვრთნების ჩასატარებლად და ფართო ტერიტორიებზე ზღუდავს წვდომას სატვირთო და სხვა სამხედრო-საზღვაო ხომალდებისთვის. რუსეთმა მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალები გადაიყვანა რეგიონში და სამხრეთის სამხედრო ოლქი ერთ-ერთ უდიდეს და უნარიან ოლქად აქცია.

2008 წელს ჰიბრიდული ომის გამოყენებით და რუსეთთან კულტურული კავშირების მქონე სეპარატისტებთან თანამშრომლობით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგად მიღებული გამოცდილებით 2014 წელს განახორციელა ყირიმის ანექსია და მოგვიანებით აგრესია მოლდოვის წინააღმდეგ. ამ კონფლიქტებმა რუსეთს მისცა შესაძლებლობა, გამოეცადა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმები, გამოეყენებინა ახალი ტაქტიკები, შეეფასებინა აშშ-ისა და ნატო-ს ჩარევის სურვილი – ეს კი პოტენციურად წარმოადგენდა ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის უფრო რთული ამოცანისთვის მზადებას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, რის გამოც აშშ-ის სუსტმა გაფრთხილებებმა საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გაზარდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრის ალბათობა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯები შეკავების მკაფიო გზავნილით, რომ სხვაგან კონფლიქტის პრევენცია მოხდეს. აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა იყოს პროაქტიული და არა რეაქტიული, იგი უნდა დაიწყოს შავ ზღვაზე.

საქართველოს მზადყოფნა პარტნიორობისთვის, როგორც ბერკეტი

მართალია ამერიკამ, რეგიონში პოზიციების განმტკიცების მიზნით, უნდა გააგრძელოს ნატო-ს პარტნიორებისთვის წვრთნების ჩატარება და მათი განვითარება, მაგრამ მან ასევე უნდა გააძლიეროს ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიც: საქართველო და უკრაინა. კერძოდ, საქართველო წარმოადგენს იდეალურ კანდიდატს პარტნიორობის გასაღრმავებლად. ეს პატარა ქვეყანა სტრატეგიულად მდებარეობს რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად, საქართველო აშშ-ს მგზნებარე მხარდაჭერას უცხადებს.

2008 წლის რუსეთის მხრიდან შეჭრის შემდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, აშშ-ის მიმართ საქართველო კიდევ უფრო ძლიერი მხარდამჭერი გახდა და ქვეყანამ გააორმაგა ვალდებულებები ნატო-ში გაწევრიანების მიზნით. ერაყისა და ავღანეთის ომების დროს, ოპერაციებში მონაწილე მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო იყო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი, ამ მხრივ, 2008 წლის აგრესიის მომენტისთვის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა. ჩვეული პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველომ არ დააწესა შეზღუდვები ოპერაციებში საკუთარი მებრძოლების მონაწილეობის ფორმაზე – და ისინი მსახურობდნენ აშშ-ის მებრძოლების გვერდიგვერდ ყველაზე სახიფათო რეგიონებში (მაგალითად, ჰელმანდი), რასაც ნატო-ს წევრთა უმრავლესობაც კი არ აკეთებდა. გარდა ამისა, ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც წარმოადგენს მოთხოვნას ნატო-ს წევრებისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო მკაფიოდ გააჟღერა ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილება, როცა განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძენს სამხედრო ტექნიკას. ქვეყანამ შეამზადა საფუძველი, რომ გახდეს რეალისტური, წინსვლაზე ორიენტირებულ ადგილად მსხვილი სამხედრო ბაზებით და გაფართოების პოტენციალით, რაშიც მოიაზრება ორი კარგად განვითარებული შავიზღვისპირა პორტი და სამხედრო სისტემები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულია ამერიკულ შეიარაღებასა და დაზვერვის სისტემებთან.

შედეგად, საქართველო რუსეთის მხრიდან დანახული ეკალი გახდა. თავის დემოკრატიულ და კაპიტალისტურ სისტემებს კავკასიის რეგიონში მეზობლებზე გავლენის მოსახდენად იყენებს. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზის მილსადენები და სავაჭრო მარშრუტები, რაც რუსეთის სუსტ წერტილს წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველო იქცა ფიზიკურ ბარიერად, რუსეთს და ახლო აღმოსავლეთს, ასევე კავკასიაში მის მოკავშირეებს შორის, რის შედეგად მან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთისთვის. აშშ-მა უნდა ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა განავრცოს თავისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში და შეამციროს რუსეთის გავლენის სფერო.

ნატო-ს წევრობა

სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავდაცვის დეპარტამენტმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს შესვლას ნატო-ში, როგორც გრძელვადიან მიზანს. ერაყსა და ავღანეთში ომში მონაწილეობის გარდა, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად მონაწილეობს ნატოს წვრთნებში. 2019 წელს, საქართველოს ეგიდით გაიმართა საქართველო-ნატოს სწავლება „მტკიცე სული“. ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმაღლესი შეფასება მისცა ქართველების პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას, ასევე კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები შეიარაღებული ძალების განვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობას.

მართალია, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია წარმოადგენს აშკარა დაბრკოლებას ნატო-ს წევრობის გზაზე, მაგრამ წევრობისკენ წინსვლაზე უარის თქმა შექმნის დაუცველობას და იქცევა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აშშ-სთვის. რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა 2008 წელს, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ნატო-მ გააჟღერა სამომავლო წევრობის შეთავაზება, თუმცა არ უზრუნველყო წინსვლა წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის პროვოცირების შიშით, დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საქართველოს წევრობას. შედეგად, ნატო-მ ეფექტურად მიანიშნა რუსეთს, რომ მას არ სურს საქართველოს წინაშე ვალდებულებების აღება – რუსეთმაც ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, იცოდა რა, რომ ოკუპაცია გაყინავს სამომავლო წევრობას.

როგორც საქართველოს, ისე უკრაინის შემთხვევაში რუსეთმა აჩვენა, რომ კომფორტულად გრძნობს თავს აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიაზე შეჭრით, რამდენადაც ისინი ჯერ არ არიან ნატო-ს წევრები. შესაბამისად, ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს ნატო-ში შესვლას და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება სხვა ქვეყნებში შეჭრის გზით. ეს არის გრძელვადიანი მიზანი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის ინტერესების დაცვის კუთხით.

ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

მიუხედავად ნატო-ში შესვლის გადავადებისა, აშშ-ს შეუძლია, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაზრდისკენ. საქართველო წარმოადგენს ძალიან მოწადინებულ პარტნიორს, რომელიც აშშ-ისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. ამ ეტაპზე ამერიკული ბაზის შექმნა საქართველოში არარეალისტური იქნება, არა მხოლოდ ლოგისტიკური გამოწვევების და რესურსების სიმცირის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საოკუპაციო რუსული ჯარების ასეთ სიახლოვეს, ამერიკული ბაზა უადგილო პროვოცირებას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააგრძელონ ქართული ჯარების წვრთნა, გააუმჯობესონ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები, გაზარდონ საგარეო სამხედრო გაყიდვები და ხელი შეუწყონ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და მისი მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების განვითარების ინვესტირებას.

ქართული ბაზების განვითარება საქართველოს შეიარაღებული ძალების (და როტაციის პრინციპით მომსახურე ამერიკელი მებრძოლების) მხარდაჭერის გასაზრდელად რეალისტური ამოცანაა, რომელიც პასუხობს ამერიკის ინტერესებს. თავისი განლაგების წყალობით, საქართველო იქნება ძალიან კარგი მოწინავე საოპერაციო ადგილი რუსეთსა თუ ირანთან კონფლიქტამდე ან კონფლიქტის დროს. ამერიკელი მებრძოლებისთვის სასარგებლო იქნება სწავლებები რეგიონში, რადგან მათ მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, შეისწავლონ ადგილობრივი კლიმატი და ტოპოგრაფია, ასევე გაეცნონ იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც ახასიათებს ახალ ადგილებს. გაუმჯობესებული ქართული ბაზები აშშ-ს საშუალებას მისცემს, გააფართოოს სწავლების შესაძლებლობები ერთობლივი სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო (მათ შორის ზღვიდან სამხედრო-საზღვაო ცეცხლის მხარდაჭერით) წვრთნების ჩატარების გზით, ასევე ადგილობრივ გარემოში სპეციალური დანიშნულების ძალების გამოყენებით.

თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ასევე მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის გაფართოებას. შედეგად, საქართველოს ექნება წვდომა დამატებით დაფინანსებაზე და აღმოფხვრილი იქნება ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების გზაზე არსებული პოლიტიკური ბარიერები. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს მკაფიო გზავნილს აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილების შესახებ. ორმხრივი პარტნიორობა შედის აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებში და უზრუნველყოფს, საქართველოს თავის დაცვის უნარს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან აგრესია გაუმართლებლად ძვირი დაუჯდება რუსეთს.

თანამშრომლობა შავ ზღვაზე

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ერთპიროვნულად ყველა გლობალურ გამოწვევაზე პასუხის გაცემა დამოუკიდებლად. სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობები აძლიერებს აშშ-ის ძალებს საზღვარგარეთ. პარტნიორების სანდო ქსელს კი არსებითი მნიშვნელობა ექნება რუსეთისა თუ ჩინეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის წარმატებისთვის. ძლიერ ალიანსებს შეუძლია აშშ-ის ძალების გაძლიერება შეიარაღების სისტემების და ბატალიონების ინტეგრირების, ასევე დაზვერვის ქსელების გაფართოების გზით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ომში გამარჯვებისთვის ან მისი პრევენციისთვის.

პირველ რიგში, აშშ უნდა იქცეს შავიზღვისპირა სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების ქვაკუთხედად, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში აშშ შეზღუდულად არის წარმოდგენილი. ადგილობრივი პარტნიორების კოლექტიურ შესაძლებლობებს არსებითი მნიშვნელობა ექნება რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტი დიდი და საკმაოდ განვითარებულია „კალიბრის“ ტიპის სარაკეტო სისტემით აღჭურვილი ექვსი „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის ფრეგატით და „კილოს“ კლასის წყალქვეშა ნავით, რის წყალობითაც იგი დღემდე უარს ამბობს თანამშრომლობაზე.

მიუხედავად ამისა, ისტორია გვასწავლის, რომ აშშ-ის მხრიდან ფეხის მტკიცედ მოკიდება [ამა თუ იმ რეგიონში] ქვეყნებს თანამშრომლობის მოტივაციას უჩენს. ამ მიზნით, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დააარსოს შავიზღვისპირა ქვეყნების კონსორციუმი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიმუშავოს თავდაპირველი დღის წესრიგი, რათა პასუხი გაეცეს იოლად მოგვარებად საკითხებს: მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობა ზღვით და მილსადენების მეშვეობით. ნდობისა და თანამშრომლობის ხარისხის ზრდის კვალდაკვალ, განხილული უნდა იყოს უფრო რთული საკითხები მაგალითად, ზღვაზე თავისუფლად გადაადგილება, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მოიცავს საზღვაო სფეროს შესახებ ინფორმირებულობას, უსაფრთხოებსა და სადაზვერვო მონაცემთა გაზიარებას. ეს კონსორციუმი გახდება თანამშრომლობის საფუძველი, რასაც დაემატება საზღვაო და სახმელეთო სწავლებები ჯერ აშშ-ის თაოსნობით, ხოლო დროთა განმავლობაში მინიმალური ამერიკული მონაწილეობით.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოიძიოს შესაძლებლობები იმ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის დასამყარებლად, რომლებიც, სხვაგვარად, არ თანამშრომლობენ, მაგრამ აქვთ საერთო ინტერესები. მაგალითად, საქართველოსთვის სასარგებლო შეიძლება იყოს საბერძნეთსა და ისრაელთან პარტნიორობის გაღრმავება. აშშ-ის მონაწილეობა ხელს შეუწყობს თავდაპირველი ნდობის გაღვივებას და სამუშაო ჩარჩოს შემუშავებას, რომელიც ამ ქვეყნებს სჭირდებათ უსაფრთხოების ქსელის შესაქმნელად. თავდაცვის დეპარტამენტს შეუძლია სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება საქართველოს, საბერძნეთის და ისრაელის სამხედრო ლიდერების მონაწილეობით, რომლის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყება უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების და გამოწვევების განხილვით, ასევე წვრთნებით. დროთა განმავლობაში ყოველივე ეს შეიძლება გადაიზარდოს უცხოეთში მებრძოლთა გაგზავნასა და ერთობლივ სწავლებებში, რის წყალობითაც ამაღლდება მზადყოფნის ხარისხი და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების ქსელის სიმწიფე.

საქართველოს უსაფრთხოება აშშ-ისთვის შესანიშნავი ინვესტიციაა, თუმცა ეს ჯერ პირველი ნაბიჯია. რუსული გავლენა ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში დღითიდღე იზრდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უახლოეს მომავალში მხარი დაუჭიროს სხვა პარტნიორებსაც – მაგალითად, უკრაინას. აშშ-ის მხრიდან ურყევი ნების მკაფიო დემონსტრირების გარეშე, ქვეყნებმა, რომლებიც იძულებულნი არიან, არჩევანი გააკეთონ რუსეთსა და დასავლეთს შორის, ადრე თუ გვიან და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, შესაძლოა რუსეთი აირჩიონ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ხელიდან გაუშვებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შესაძლებლობას.