ირანის ელჩი - შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ჩვენი გზავნილების შემდეგ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა და მკაფიოდ განაცხადა უარი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე
ირანის ელჩი - შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ჩვენი გზავნილების შემდეგ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა და მკაფიოდ განაცხადა უარი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე

ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახერხებს მსოფლიოს ზესახელმწიფოს უძლიერესი არმიის შეკავებას ჰორმუზის სრუტეში, ვფიქრობ, მრავლისმეტყველი ფაქტია, – ასე უპასუხა საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ შეკითხვას, რა მექანიზმები აქვს თეირანს სამხრეთ კავკასიაში „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების წინააღმდეგ?

ირანელი დიპლომატის მტკიცებით, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება.

„ირანი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის განვითარებას, რამდენადაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ კავკასიის ქვეყნები არიან ერთგვარი ურთიერთშემავსებლები და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს ეხმარებიან და ავსებენ. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებთ გეოგრაფიული საზღვრების ცვლილებას და არ აქვს მნიშვნელობა, ეს გეოგრაფიული ცვლილება სად იქნება, საქართველოში, სომხეთში თუ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, ირანის ისლამური რესპუბლიკა, თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ესეც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად და არ დავუშვებთ რეგიონში საზღვრების ცვლილებას. ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახერხებს მსოფლიოს ზესახელმწიფოს უძლიერესი არმიის შეკავებას ჰორმუზის სრუტეში, ვფიქრობ, მრავლისმეტყველი ფაქტია. ზოგადად მიგვაჩნია, რომ თავად რეგიონის ქვეყნების გადასაწყვეტია, რომ მათ უნდა უზრუნველყონ თავიანთი სუვერენიტეტი, დაიცვან ტერიტორიული მთლიანობა და თავიანთი ეკონომიკური განვითარება. ირანი არის საკმაოდ დიდი ფართობის მქონე მეზობელი ქვეყანა კავკასიის ქვეყნებისთვის. საზღვრების და გეოგრაფიის ნებისმიერი ცვლილება არის საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და, ბუნებრივია, ირანი ამას არ დაუშვებს“, – აღნიშნა სეიედ ალი მოჯანიმ.

სეიედ ალი მოჯანიმ ასევე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ბოლო ორი ომის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცე და ხმელეთი აგრესორის სამხედრო ძალების, სადაზვერვო სტრუქტურებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თავმოყრის ადგილად იქცა.

„აშშ, ქვეყანა, რომელიც დაუსრულებელ ომებშია ჩართული, თუ ფიქრობს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა განსაზღვრავს შედეგს, ირანი დაანახებს, რომ მშვიდობის გეოგრაფიას რაკეტები მოხაზავენ“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ალი მოჯანის განცხადებით, ამ ვითარებაში ირანს აღარ სურს, შემწყნარებლობისა და თავშეკავების პოლიტიკის ფარგლებში დაუშვას, რომ მისი სამეზობლო გარემო გადაიქცეს პლაცდარმად, საიდანაც დარტყმები განხორციელდება ირანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

„სწორედ ამიტომ, ირანმა დიპლომატიური გზავნილების მეშვეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის მეზობელი რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფოებსაც, მკაფიოდ განუცხადა: „ირანის მტრების მხარდაჭერა და მათთვის მოქმედების შესაძლებლობების შექმნა უპასუხოდ არ დარჩება“. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ამ გზავნილის მიღების შემდეგ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დახურა და მკაფიოდ და კატეგორიულად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ქვეყნებმა, რომლებსაც ძლიერი ეროვნული არმიები ჰყავთ, ასევე უარი განაცხადეს საკუთარი აკვატორიის, ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის მიცემაზე აგრესორი სახელმწიფოებისთვის. გვინდა, ამ მეზობელ სახელმწიფოებს პირდაპირ შევახსენოთ: აგრესორების ის ბაზები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ლეგიტიმური თავდაცვის უფლების ფარგლებში სამიზნე გახდება. დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ. ირანის ისლამურ რესპუბლიკას არც ჰქონია და არც აქვს იმპერიად ქცევის სურვილი“, – აღნიშნა საქართველოში ირანის ელჩმა.