ფრიდრიხ მერცი - უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი
უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისაუბრა.
მერცის თქმით, რუსეთთან თავდაცვით ომში უკრაინა „იცავს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“.
„უკრაინა ევროპის ნაწილია. შორეულ პერსპექტივაში ის ევროკავშირის ნაწილიც გახდება“, — განაცხადა მერცმა.
კანცლერის შეფასებით, 2022 წლიდან უკრაინამ რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღის წინ მან უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის იდეა წამოაყენა.
ამ წინადადების მიხედვით, უკრაინა რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს სხდომებსა და მინისტრთა საბჭოების შეხვედრებში, ეყოლება წარმომადგენელი ევროკომისიაში, თუმცა პორტფელისა და ხმის უფლების გარეშე, უკრაინელი დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტის განხილვებში, თუმცა ხმის უფლების გარეშე.
„ჩვენ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთავდით ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა მკაცრად რეფორმების კრიტერიუმებისა და წესების დაცვით. ეს სურთ უკრაინის მოქალაქეებს, ეს სურს ევროპას და სწორედ ამიტომ ამ გზას ერთად გავივლით“, – განაცხადა მერცმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმი მერცის ეს ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის შეთავაზება უსამართლოა.
გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, რუსეთი, ევროპა და აშშ.
„ჩვენი მიზანი უკრაინისთვის კვლავაც სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობაა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებსაც გაითვალისწინებს. სწორედ ამისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს არის სიმართლე. ამას ვაკეთებთ დღეს და გავაკეთებთ ხვალაც, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, „ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი უკრაინისთვის უკვე დამტკიცებულია“.
„ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე. უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და ვიწყებთ მუშაობას სანქციების 21-ე პაკეტზე“, – თქვა მერცმა.
„ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს. ამავე დროს მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომ რუსეთის ეს აგრესიული ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს. მდგრადი მშვიდობა მხოლოდ უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და ევროპის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შედეგად იქნება შესაძლებელი. სხვა გზა არ არსებობს“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.