საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ფონდის შექმნაზე მუშაობს
საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული მეორე ფინანსური ინსტრუმენტის – სპეციალური დამოუკიდებელი ფონდის შესაქმნელად მუშაობს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველ წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინიციატივა მოემსახურება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებულ ამოცანებს, რომელიც ხელს შეუწყობს გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგსა და ნდობის აღდგენას, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ კონკრეტული სავაჭრო პროექტების განხორციელებას.
„ფონდის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ინიციატივების მიმართ ინტერესი მზარდია. მისი საჯარო დაანონსების დღიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არაერთი ადამიანი გამოდის კონკრეტული ბიზნესიდეებითა და პროექტებით“, – აღნიშნულია მოხსენებაში.