შალვა პაპუაშვილი - შეგვიძლია, ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისთვის, არამედ მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების გარეშე შევძელით
შალვა პაპუაშვილი - შეგვიძლია, ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისთვის, არამედ მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების გარეშე შევძელით

შეგვიძლია, ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისთვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარ საარჩევნო დაპირებას 2024 წლისთვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა წარმოადგენდა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი შეასრულა.

„ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია, ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისთვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტებისა და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით. საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა. საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებსა და პლენარულ სხდომებზე მოხერხდა ასამდე თვისებრივად უმნიშვნელოვანესი კანონისა და რეგულაციის მიღება, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გავაძლიერეთ საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტები; შევქმენით უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ანტიკორუფციული, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემა; ავირჩიეთ ახალი სახალხო დამცველი და სრულად დავაკომპლექტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.