მამუკა მდინარაძე - ყველა შეეგუეთ, რომ ამ ქვეყნის შესახებ დღეს გადაწყვეტილებები მიიღება ამ ქვეყანაში და არა ქვეყნის გარედან, მომავალშიც ასე გაგრძელდება
მამუკა მდინარაძე - ყველა შეეგუეთ, რომ ამ ქვეყნის შესახებ დღეს გადაწყვეტილებები მიიღება ამ ქვეყანაში და არა ქვეყნის გარედან, მომავალშიც ასე გაგრძელდება

ყველა შეეგუეთ იმას, რომ ამ ქვეყნის შესახებ დღეს გადაწყვეტილებები მიიღება, და მომავალშიც ასე გაგრძელდება, ამ ქვეყანაში და არა ქვეყნის გარედან, შესაბამისად ამისა, ჩვენ თავს ზევით ძალა უნდა ვიპოვოთ, ვთქვათ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს მაშინაც, წინა წელს, როცა დაიჩაგრა ეს ქვეყანა, როდესაც თქვენ თქვით, რომ არ იმსახურებდა, და მაშინაც, როცა მიიღო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო მომავალშიც სხვაზე მეტად იმსახურებს, რომ თავისი ტრადიციებით, სწორი აზროვნებით, მენტალობით, თვითმყოფადობით, ისტორიით და კულტურით იყოს ევროპის ოჯახის წევრი.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

„დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისგან, რომლის გამოც რამდენიმე წლის წინ ყველა რეგიონში დავდიოდი და ვიხვეწებოდი, საქართველოს პრეზიდენტად გვყილოდა ემიგრაციის სიმბოლოს წარმომადგენელი, პირველი ქალი პრეზიდენტი, მოვისმენდი გამოსვლას, რომელსაც ყველა ობიექტური დამკვირვებლის მიერ ერთი რადიკალი ოპოზიციონერის გამოსვლა დაერქმეოდა.

რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ფორმალურად დღეს ისევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, პრეზიდენტად არჩეულ იქნა მას შემდეგ, რაც ძალიან გაგვიჭირდა, არცერთ არჩევნებში რომ არ გაგვჭირვებია ისე, და ვიდრე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ჩვენი პარტიული ლიდერების ბილბორდები არ გამოვკიდეთ, მანამდე ამ საქმეს არაფერი ეშველა, ამის შემდეგ ნელ-ნელა გაოპოზიციონერდა. 26 მაისს, რუსულ მესიჯბოქსში ჩამჯდარი სიტყვაც ვიხილეთ და დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშანწყალი რატომ არ ეტყობოდა, ერთ მთავარ არგუმენტს გეტყვით: არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში? ერთი სიტყვა ხომ შეიძლებოდა ქალბატონ სალომეს ეთქვა, რომ ეს ერთი კარგი ამბავი ხდებაო, როცა კვირა არ გავა, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს – ეკონომიკის, სიღარიბის დაძლევის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უდიდესი პროგრესი გვაქვს და წინ მივდივართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა რადიკალური ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა და ამის დასტურია დღევანდელი გამოსვლაც, სადაც მან, ფაქტობრივად, თავი მოუყარა ბოლო ორი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ და მისი მიმდევრების ტყუილებს.