საქართველო ჰაერის ხარისხის კონტროლის ევროპულ სტანდარტზე გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით შეფასდება.
ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, აქამდე ჰაერში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობა საბჭოთა დროინდელი სტანდარტებით მოწმდებოდა.
„ეს დაგვეხმარება უფრო ზუსტად შევაფასოთ ჰაერის დაბინძურების დონე. ჩვენი მონიტორინგის ქსელი სრულად გახდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი. ჰაერის გაზომვა ევროპული მეთოდოლოგიით ხდება და შედეგების შედარება მოხდება ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, განისაზღვრება დაბინძურების ზედა და ქვედა ზღვრები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შემოწმდეს, დაბინძურების რა დონეა საქართველო მასშტაბით.
როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, ევროპულ ნორმებზე გადასვლის შემდეგ, ჰაერში ის დამაბინძურებლებიც გაიზომება, რომელზე დაკვირვებაც დღემდე არ ხდებოდა. საუბარია ოთხ კომპონენტზე, რომლებიც სიმსივნით დაავადების რისკთან არის დაკავშირებული, ესენია: დარიშხანი, კადმიუმი, ნიკელი და ბენზაპირენი, რომელთა ძირითადი წყარო მრეწველობა და ავტომობილების გამონაბოლქვია. მათ გაზომვას გარემოს ეროვნული სააგენტო უკვე მომავალი წლიდან დაიწყებს.
საქართველოს მასშტაბით, ჰაერის მონიტორინგისთვის შვიდი სადგური მოქმედებს. წლის ბოლომდე, კიდევ ერთი სადგური რუსთავში ამოქმედდება, ხოლო მომავალი წლიდან კიდევ რამდენიმე ერთეული დაემატება.