ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომპანია „რუსელოისის“ კუთვნილ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების შესრულება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა კანონი, რომელმაც საწარმოებს დაუწესა უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები, მათ შორის, ონლაინმონიტორინგი – რა მავნე ნივთიერებებს აფრქვევს თითოეული მათგანი ატმოსფერულ ჰაერში. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად ყველა მსხვილ საწარმოს უწევს ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესება, სათანადო ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება, რათა შემცირდეს მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. კომპანია „რუსელოისში“ გამართულ შეხვედრაზე გავეცანით ვალდებულებების შესრულების სტატუსს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დანადგარები უკვე ჩამოსულია და ამ ეტაპზე, საწარმო უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მიღებას, რათა დაიწყოს ასპირაციის სისტემის მოწესრიგება. ვფიქრობ, საწარმოს მიერ დასახელებული ვადები გონივრულია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს საწარმოებს შესაბამისი ნებართვების მიღებაში, რათა გამწოვი სისტემების მოწყობის პროცესი არ შეფერხდეს. პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განაგრძობს შემოწმების პროცესს. აღნიშნული საწარმო გასულ წელს ხუთჯერ შემოწმდა და დაჯარიმდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი ვალდებულების დარღვევისთვის. შემოწმება განხორცილდა მიმდინარე წლის 25 იანვარსაც და შესაბამისი ოქმიც შედგა. მინდა, აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მსხვილი საწარმოს ხარვეზები აქვს იდენტიფიცირებული და თითოეულ მათგანზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. ეს პროცესიც და მონიტორინგის კამპანიაც ემსახურება მთავარ მიზანს – საწარმოებმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეძლონ ვალდებულებების შესრულება და შედეგად მივიღოთ გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სავარაუდოდ სახელმწიფოს მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან აღარ მოუწევს კომპანია „რუსელონის“ დაჯარიმება, რადგან გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. დაახლოებით, ორ-სამ თვეში ამ საწარმოში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული ჰაერის გამწმენდი სისტემა ახალი ფილტრაციით და „რუსელოისთან“ დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრება.

„ჩვენი გეგმაა, ქალაქ რუსთავში და ზოგადად, მთელ საქართველოში, არ დარჩეს არც ერთი საწარმო, რომელიც ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, მავნე ნივთიერებებს გააფრქვევს. დღესდღეობით, პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც ჰაერის გაფრქვევის ზღვრულად გადაჭარბების ნორმებთან კავშირში იყო, დაჯარიმებულია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, თითოეულმა კომპანიამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩაეტიოს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და მივიღოთ შედეგი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსთაველებისთვის უმნიშვნელოვანესია, საკანონმდებლო ცვლილებებმა შედეგი გამოიღოს და ქალაქში გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი და ეკოლოგიური მდგომარეობა. მისი თქმით, საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება საწარმოების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვადებთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა განაპირობა. შესაბამისი სამსახურების მხრიდან საწარმოების მონიტორინგი გაგრძელდება; ანალოგიური შეხვედრა რუსთავში არსებულ ყველა საწარმოში გაიმართება.