დუისში სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი დაიხურა
საქალაქო სასამართლოში, დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი დაიხურა, თუმცა თავდაპირველად პროცესი ღია იყო.
პროცესს მხოლოდ დაკავებულების: რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილისა და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მოსამართლემ სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დახურა.
რუსლან ალდამოვის დედის ლალი ალდამოვის თქმით, წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაული ჩაიდინა მისმა შვილმა.
„აზრზე არ ვარ, რა დანაშაული ჩაიდინა ჩემმა შვილმა და გაკვირვებული ვარ. ჩემი შვილი თავის ოჯახში საქმიანობდა და რემონტს აკეთებდა. რა უნდა აღიაროს, როცა წარმოდგენა არ აქვს, რა ჩაიდინა. ერთი ის ვიცით, რომ სახლში კარი შემოამტვრიეს და წაიყვანეს ჩემი ბავშვი“, – განაცხადა ლალი ალდამოვმა.
საქალაქო სასამართლო პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის საქმეზე მსჯელობს. სასამართლო რუსლან ალდამოვის , რამაზ მარგიშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საქმეს განიხილავს.