პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პაციენტის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პაციენტის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.

„მშობიარობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ექიმმა, რომელსაც ლიცენზია ჰქონდა შეჩერებული, ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამო 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა.

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო  საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს – სამი წლით და ექვსი თვით, ხოლო მეორეს ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.