თბილისის საქალაქო სასამართლოში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მენეჯერი იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მენეჯერი იკითხება

ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მენეჯერი ანა წურწუმია-ზურაბაშვილი იკითხება.

როგორც ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა განაცხადა, ტრენინგი „კანვასის“ სერბმა ტრენერებმა ოთხჯერ ჩაატარეს და ოთხჯერვე თავადაც დაესწრო.

მისი განცხადებით, ტრენინგის თემა იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში. მისივე თქმით, ძალადობრივი მოწოდებები ტრენინგზე არ ყოფილა, პირიქით, სწავლება ეხებოდა არაძალადობრივი მეთოდებით პროტესტის გამოხატვას.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე არაფერი იცის და არაფრის თქმა შეუძლია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.