საქალაქო სასამართლოში ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
ბუსა ჟვანიას საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
დაცვის მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა. როგორც ადვოკატმა განმარტა, პროცესზე შესაძლოა დასაკითხ პირთა პერსონალური მონაცემები გაჟღერებულიყო, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების განხილვა არ მოხდება.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარის განცხადებით კი დაკავებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ადვოკატმა ბუსა ჟვანიასთვის 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
ამასთან, როგორც ირმა ჭკადუამ აღნიშნა, გაუგებარია, რატომ გადაკვალიფიცირდა მუხლი, მაშინ როცა დაზარალებულთან დაკავშირებით ჯერ სამედიცინო ექსპერტიზა უცნობია.
თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას სასამართლო სხდომაზე ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია.
შეგახსენებთ, თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. გამოძიება 19,108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.