საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად კონკურსი დღეიდან იწყება
საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად კონკურსი დღეიდან იწყება

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად, 2019 წლის 31 ოქტომბრიდან იწყება კონკურსი საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება, აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

„საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, თითოეული ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს სამი კანდიდატი.

„საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის მიმართ ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი საბუთები.

წარდგინება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება, გაიგზავნოს ან უშუალოდ ჩაბარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ან გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.