საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს
დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
შესაბამისს ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც დაგროვებითი პენსიის საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია.
ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ჯარიმა 1000 ლარამდე გაიზრდება.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, პროექტით, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად 60 000 ლარს არ აღემატება. ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად 60 000 ლარს არ აღემატება.
გარდა ამისა, დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე.
თვითდასაქმებულისთვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში, მინიმალურ შენატანს წარმოადგენს მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%. თვითდასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თვითდასაქმებულის დასაბეგრი შემოსავლის ორ პროცენტს (2%) თანხის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000-დან 60 000 ლარამდე.
მთავრობა აღნიშნავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა წარმოადგენს ავტონომიურ პროცესს და ის არ ზღუდავს საპენსიო სქემის მონაწილის უფლებას, მიიღოს სახელმწიფო პენსია, ან სხვა სახის პენსია, თუ დახმარება, რომელიც მას კანონით ეკუთვნის.
კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს, სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით – ნებისმიერი თვითდასაქმებული.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარუდგინა.