საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ვაკანსია საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოქვეყნდა.

განაცხადების მიღება 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 000-დან 15 000 ლარამდეა.

საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

დირექტორობის კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

„სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა“, – აღნიშნულია ვაკანსიაში.

კანდიდატი შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 2018 წლის 14 სექტემბერია.

შეგახსენებთ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.