საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტს კომპანია „ერნსტ ენდ იანგ“ განახორციელებს
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონიდან გამომდინარე, დღეს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც „საპენსიო სააგენტოს“ გარე აუდიტს აუდიტორული ფირმა „ერნსტ ენდ იანგი“ განახორციელებს.
დადგენილების პროექტი პლენარულ სესიაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს ევალება, რომ მიიღოს პროექტი, ვინ უნდა განახორციელოს საპენსიო სააგენტოს აუდიტი, რომელმა კომპანიამ. აქედან გამომდინარე, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დადგენილების პროექტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნას აუდიტორული ფირმა „იუაი: ერნსტ ენდ იანგი“, – განაცხადა კოვზანაძემ.
ამასთან, მისი თქმით, აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება 29 500 ლარით განისაზღვრება. საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს საპენსიო სააგენტო აანაზღაურებს.
სააგენტოს დადგენილებით აუდიტორულ ფირმა „ერნსტ ენდ იანგთან“ ხელშეკრულების გაფორმება ევალება.
დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.