საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ დმანისთან მოძრაობა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეიზღუდა
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დმანისის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
„ადგილობრივებს შეძლებისდაგვარად ვაძლევთ გადაადგილების საშუალებას. დანარჩენ საკითხებზე შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს“, – აღნიშნა კახა ბუხრაძემ.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება განმუხტულია. დმანისის შესასვლელში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.
დღეს ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ინციდენტისას მაღაზიის მეპატრონე სცემეს, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ვითარების განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ.