საოკუპაციო რეჟიმის მიერ გასული წლის ივლისში უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გასული წლის ივლისში უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ

გასული წლის ივლისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ლაშა ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათი მოქალაქე რჩება.

საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავების ექვსი შემთხვევა და უკანონო ბორდერიზაციის რვა ახალი შემთხვევა იყო განხილვის მთავარი თემა ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში დაკავებული ექვსი პირიდან ორი ტაჯიკეთის მოქალაქე იყო. ისინი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააპროტესტა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. რუსმა სამხედროებმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაავლეს და რკინის ახალი ძელები დაამონტაჟეს. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, მხარეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ახალგორში გზის გახსნის ათდღიანი ვადის გაზრდა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური დისკუსია. მთავარი შედეგი არის, რომ ხვალ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლაშა ხეთერელი გადმოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გრძელდება კონსულტაციები, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდეს თავიანთ ოჯახებში. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე მსჯელობამ წაიღო დროის დიდი ნაწილი. ბორდერიზაცია არის უმძიმესი ინციდენტი, შესაბამისად, ის რვა ახალი ფაქტი განხილულ იქნა დეტალებში და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი არის ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის უცვლელი შემადგენელი ამ შეხვედრებზე. არსებული ე.წ ათდღიანი პერიოდი არის არასაკმარისი, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ყველა ის სერვისი, რის გამოც ისინი გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ, მთელი თვის განმავლობაში და პერსპექტივაში აუცილებელია, ამ მიდგომის გაგრძელება საოკუპაციო ხაზის მთელ ტერიტორიაზე და არამხოლოდ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, შემდეგი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართება.