გრიგოლ ლილუაშვილი - 2021 წელს სუს-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ცხრა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 130 შემთხვევა დაფიქსირდა
გრიგოლ ლილუაშვილი - 2021 წელს სუს-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ცხრა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 130 შემთხვევა დაფიქსირდა

2021 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ ბორდერიზაციის ცხრა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 130 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, 2021 წლის განმავლობაში პრობლემას კვლავ წარმოადგენდა თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები.

„გადასასვლელი პუნქტები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2019 წლიდან გახლდათ 2021 წლის სრული პერიოდის განმავლობაში დაკეტილი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მუშაობის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერვენციის შედეგად 2022 წლის აგვისტოში აღნიშნული გადასასვლელები, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ მაინც გაიხსნა და წლების შემდეგ, მოსახლეობას მიეცა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ცხინვალის მიმართულებით. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, საოკუპაციო ხაზი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 5 ივლისამდე ასევე ცალმხრივად საოკუპაციო ძალის მიერ იყო დაკეტილი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ხაზის კვეთის შესაძლებლობა ეძლეოდათ მოქალაქეებს, ე.წ. სპეციალური საშვების საფუძველზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა საოკუპაციო ხაზი მათგან ფარულად მდინარეზე გადასვლით ეცადათ, რასაც მოჰყვა კიდეც ფატალური შემთხვევა.

„2021 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ცხრა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 130 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ხორციელდებოდა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებით, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებით, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, მიწათხრილების მოწყობით და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონო აღმართვით.

უცვლელად დაძაბული გარემო ფიქსირდებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩორჩანას მონაკვეთზე, სადაც საოკუპაციო ძალის დესტრუქციული ქმედებების გამო, კრიზისი შეიქმნა 2019 წლის აგვისტოში და მისი მოგვარების მიზნით, ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ მოყვა სათანადო რეაგირება მეორე მხრიდან. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონსტრუქციული მზაობა დააფიქსირა 2021 წელს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ე.წ. აიპიარემის ფორმატის შეხვედრებისას, თუმცა დეესკალაციისა და ვითარების დარეგულირების ინიციატივებს შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.