გერმანიის საგარეო უწყება - ჩვენ არ ვცნობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს
გერმანიის საგარეო უწყება - ჩვენ არ ვცნობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს

ჩვენ არ ვცნობთ არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების, რომელიც 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენტიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში.

„ჩვენ არ ვცნობთ არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების, რომელიც 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარდა. ჩვენ ამ „არჩევნებს“, ისევე როგორც მის შედეგებს და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უწყებების მხრიდან ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მივიჩნევთ უკანონოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.