სანტიაგოში საქართველო-ჩილეს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი აღინიშნება
სანტიაგოში საქართველო-ჩილეს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი აღინიშნება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში იმყოფება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გლორია დე ლა ფუენტეს შეხვდა.

საუბრის თემას წარმოადგენდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის მხარდაჭერის საკითხი.

ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ჩილეს 2023 წელს გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის, ასევე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ლტოლვილების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

„ეს არის პირველი საპარლამენტო ვიზიტი ჩილეში და ის ემთხვევა საქართველო-ჩილეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს, რომელიც მიმდინარე კვირას აღინიშნება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ეს საკითხი იყო. შეხვედრაზე, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე და რეფორმებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციების რაუნდი საქართველოსა და ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

ნიკოლოზ სამხარაძემ ვიზიტის ფარგლებში ლექცია წაიკითხა ჩილეს დიპლომატიურ აკადემიაში. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის კურსანტები და მომავალი დიპლომატები (ჩილეს დიპლომატიური აკადემიის გავლა სავალდებულოა ყველასთვის, ვისაც სურს, მუშაობა დაიწყოს საგარეო საქმეთა სამინისტროში).

კომიტეტის თავმჯდომარემ ლექციაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გარემოზე, კონფლიქტების საკითხებზე, რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე და ნატო-ს წევრობაზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.