ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

ჩილის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩილის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

„ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე დგას. ჩვენ ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ ძალიან დიდი მასშტაბის ტრაგედიის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ერთად ვართ, ყველანი ვიბრძვით ამ საგანგებო სიტუაციაში. პრიორიტეტი არის რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ბორიჩმა.

ამასთან, ჩილის პრეზიდენტის თქმით, ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაზიანებულია 1000-ზე მეტი სახლი.

ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია 8000 ჰექტარზე მეტი. მეხანძრეები ხანძრის ათობით კერას ებრძვიან.

როგორც ჩილის შს მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ განაცხადა, ქვეყანა ყველაზე საშინელი კატასტროფის წინაშე დგას 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.