სამყაროში იმაზე მეტი გიგანტური ვარსკვლავია, ვიდრე ასტრონომებს აქამდე ეგონათ
ახალი კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა სამყაროს სხვადასხვა რეგიონში დიდი ოდენობით გიგანტური ვარსკვლავები შენიშნეს. შედეგად, მათ ხელთ აქვთ ახალი ცნობები გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ.
ოთხ შორეულ, გაზით მდიდარ გალაქტიკაში ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესზე დასაკვირვებლად მათ ჩილეში განთავსებული ტელესკოპი ALMA გამოიყენეს. აღნიშნულ გალაქტიკებში ვარსკვლავები 100-ჯერ უფრო სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე ჩვენს ირმის ნახტომში.
ამ გალაქტიკებში მასიური ვარსკვლავები წარმოქმნიან გაზის დინებებს და ფეთქდებიან სუპერნოვებად, რა დროსაც კოსმოსში გამოიყოფა დიდი ოდენობით ენერგია და ვარსკვლავური მატერია. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) განცხადებით, ამ ტიპის აქტივობას დიდი გავლენა აქვს ამ ვარსკვლავთა მიმდებარე გარემოზე.
ახალი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ძალიან ჰგავს რადიონახშირბადულ დათარიღებას, მკვლევრები ნახშირბადის მონოქსიდის სხვადასხვა ტიპების ხელწერას ეძებდნენ. მათი მიზანი ამ გალაქტიკებში ვარსკვლავების მასის გადანაწილების განსაზღვრა იყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჟანგბადის იზოტოპები დაკავშირებულია დიდ, უფრო მასიურ ვარსკვლავებთან, ნახშირბადის იზოტოპები კი უფრო პატარა, საშუალო მასის მქონე ვარსკვლავებთან.
იმის გამო, რომ ნახშირბადის მონოქსიდის წარმოსაქმნელად საჭიროა ჟანგბადისა და ნახშირბადის კომბინირება, ნახშირბადის მონოქსიდის სხვადასხვა ვარიაციები ძირითადად უფრო მასიურ ვარსკვლავებს წარმოქმნიან, ვიდრე პატარებს.
ჩვენი მზის მსგავსი დაბალმასიანი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც მილიარდობით წელიწადს ცოცხლობს, მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მოკლეა. მკვლევართა განცხადების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავთა გადანაწილების გარკვევა მნიშვნელოვან ცნობებს მოგვაწვდის გალაქტიკათა წარმოქმნისა და ევოლუციის შესახებ.
ახალი კვლევის შედეგად, დადასტურდა, რომ ამ ცეცხლოვან გალაქტიკებში მასიურ ვარსკვლავთა პროპორცია იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მკვლევართა თქმით, იგივე სიტუაციაა ჩვენს უახლოეს მეზობელთან, ირმის ნახტომის თანამგზავრ ჯუჯა გალაქტიკა მაგელანის დიდ ღრუბელში.
ESO-ს ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) გამოყენებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მასიური ვარსკვლავები იპოვეს ტარანტულის ნისლეულში. ეს გახლავთ კაშკაშა ვარსკვლავთწარმოქმნელი რეგიონი ჩვენს სამეზობლოში, მაგელანის დიდ ღრუბელში.
მკვლევართა თქმით, მსგავსი აღმოჩენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოსმოსის ისტორიის ჩვენეულ აღქმას და შესაბამისად, უბიძგებს ახალ, დეტალურ კვლევებს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით