სამყარო კოსმოსური მასალის უსტრუქტურო აბდაუბდა არ არის, მაგრამ მისი ერთიანობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
მართალია, ვიცით, რომ მასში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული ვრცელი, ფილამენტური ქსელით, მაგრამ ხშირად გვგონია, რომ ამ ფილამენტებს შორის გალაქტიკების გადანაწილება გარკვეულწილად შემთხვევითია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ცის რომელიმე მონაკვეთს აიღებთ, მეცნიერები ზოგადად ფიქრობენ, რომ ამ მონაკვეთში თავმოყრილი ყველა გალაქტიკის ბრუნვის მიმართულება მეტნაკლებად ერთნაირია.
როგორც ახლა ირკვევა, ეს მოსაზრება შეიძლება არასწორია.
კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულმა ასტრონომმა ლიორ შამირმა 200 000 გალაქტიკის კატალოგიზაცია მოახდინა და აღმოაჩინა, რომ ბრუნვათა მიმართულებების გადანაწილება წარმოქმნის მახასიათებელს, რომელიც აშკარად არ არის შემთხვევითი.
სინამდვილეში, ეს მახასიათებელი შეიძლება მოერგოს ოთხპოლუსიან განლაგებას გაცილებით მაღალი ალბათობით, ვიდრე შემთხვევით, რაც მიუთითებს, რომ ადრეულ სამყაროს, როგორც მთლიანობას, გიგანტური გალაქტიკის მსგავსად უნდა ებრუნა.
კვლევა, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, შამირმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 236-ე შეხვედრაზე წარმოადგინა.
„კოსმოსური მიკროტალღური ფონის მონაცემები ასევე აჩვენებს კოსმოლოგიური მასშტაბის პოლარიზაციის მტკიცებულებას და კარგად ერგება ოთხპოლუსიან გასწორებას. ეს დაკვირვებები წარმოშობს თეორიებს, რომლებიც სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელების ფარგლებს სცდება“, — წერს შამირი.
მისივე განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწიდან დანახული გალაქტიკის ბრუნვის მახასიათებლები გალაქტიკის რეალური ბრუნვის მიმართულების მანიშნებელია, ბრუნვის ამ მიმართულებათა გადანაწილების ფართომასშტაბიანი მახასიათებლები შეიძლება მბრუნავი სამყაროს მიმანიშნებელი იყოს.
სპირალური გალაქტიკები შედარებით უფრო მოწესრიგებული და კარგად გამოკვეთილია, ბრტყელი დისკოს ფორმით, სპირალური მკლავებითა და ბრუნვით, რომლის გაზომვაც დისკოს გვერდებიდან სინათლის დოპლერის წანაცვლებით შეგვიძლია.
სინათლის ცისფერი წანაცვლება მოკლე ტალღის სიგრძეებისგან შედგება და მიუთითებს ჩვენი მიმართულებით ბრუნვაზე; სინათლის წითელი წანაცვლება უფრო გრძელი ტალღის სიგრძეებისგან შედგება და მიუთითებს ჩვენგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე.
გალაქტიკებს ბრუნვა მხოლოდ ორი მიმართულებით შეუძლიათ — საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ. თუ სამყარო იზოტროპულია, ანუ ყველა მიმართულებით ერთნაირი, როგორც ამას კოსმოლოგიური პრინციპი აღწერს, საათის ისრის და მის საწინააღმდეგოდ მბრუნავი გალაქტიკების რაოდენობა მასში 50-50-ზე უნდა იყოს.
თუმცა, როდესაც შამირმა კვლევა ჩაატარა Sloan Digital Sky Survey-ს (SDSS), პანორამული კატალოგიზაციის ტელესკოპისა და ტელესკოპ Pan-STARRS-ის მონაცემებით, რაღაც უჩვეულო სურათი მიიღო.
სხვაობა დაახლოებით 51-49-ზე აღმოჩნდა, სადაც ჭარბობს საათის ისრის მიმართულებით მბრუნავი გალაქტიკები. ასეთი სხვაობა შეიძლება ძალიან ცოტა გეჩვენოთ, მაგრამ როგორც შამირი ამბობს, იზოტროპულ სამყაროში ასეთი ასიმეტრიის შანსი სულ მცირე მილიარდში ერთია.
მან ასევე აღმოაჩინა, რომ თავად ასიმეტრია ერთფეროვნად არ არის გადანაწილებული. დედამიწასთან ახლოს, ნაპრალი იხურება და გალაქტიკათა გადანაწილება უფრო ერთნაირია, მაგრამ სამყაროს შორეულ მისადგომებში ასიმეტრია უფრო მკვეთრად არის გამოხატული.
შამირის აზრით, ასეთი შედეგები შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ ადრეული სამყარო დღევანდელზე ნაკლებად ქაოსური იყო და მისი თანმიმდევრულობა დროთა განმავლობაში იკლებს.
სამყაროს სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვანაირი ასიმეტრია თანხვედრაშია ოთხპოლუსიან მახასიათებელთან, რომლის მიხედვითაც, სამყარო ბრუნავს არა ერთი ღერძის, არამედ ოთხი ღერძის გარშემო კომპლექსურ განლაგებაში.
კოსმოსურ მიკროტალღურ ფონში (დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილი სუსტი რადიაცია, რომელიც მთელ სამყაროშია გავრცელებული) აღმოჩენილი ოთხპოლუსიანობა სხვადასხვა დროს ან ანომალიად ჩათვალეს, ან პრობლემად, ანდაც „ეშმაკის ღერძად“.
იმის გამო, რომ კოსმოსური მიკროტალღური ფონი ძალიან მკრთალია, შესაძლებელია, რომ სიგნალი ამჟამინდელი სამყაროს გაცილებით კაშკაშა სინათლემ დააბინძურა.
მიუხედავად ამისა, გალაქტიკათა ბრუნვის გაზომვა ძალიან მარტივია და შესაბამისად, შამირის კვლევა მიუთითებს, რომ კოსმოსური მიკროტალღური ფონის ოთხპოლუსიანობის ანომალია შეიძლება იმაზე რთული პრობლემა იყოს, ვიდრე კოსმოლოგებს ჰგონიათ.
„არ არსებობს შეცდომა ან დაბინძურება, რომელიც საკუთარ თავს ასე უნიკალური, კომპლექსური და თავსებადი მახასიათებლებით წარმოაჩენდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ასტრონომი ლიორ შამირი.
მისივე თქმით, ცის ორი სხვადასხვა კატალოგიზაცია ზუსტად ერთნაირ მახასიათებლებს აჩვენებს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გალაქტიკები სრულიად სხვადასხვანაირია, რასაც ვერანაირი შეცდომა ვერ გამოიწვევს.
კვლევა ხელმისაწვდომია რეზენზირებამდელ სერვერზე arXiv.org.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.