სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ ენზელ მკოიანის მხარდამჭერი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ენზელ მკოიანი ინციდენტთან კავშირს უარყოფს
სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ ენზელ მკოიანის მხარდამჭერი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ენზელ მკოიანი ინციდენტთან კავშირს უარყოფს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ მანუკიანი აცხადებს, სოფელ დიდ სამსარში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დეპუტატ ენზელ მკოიანის მხარდამჭერი ჰაიკ რასტაკიანი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სამველ მანუკიანის თქმით, ჰაიკ რასტაკიანი ადგილობრივებმა ადგილიდან გაიყვანეს, თუმცა მან პროვოკაციული ქცევა გააგრძელა და მას სახის არეში გაარტყა ხელი.

„ჩვეულებისამებრ ​ვხვდებოდით აქტივისტებს სხვადასხვა სოფელში. ერთ-ერთი ასეთი დღე იყო. ბოლო სოფელში, დიდ სამსარში ხალხმა დაგვპატიჟა სუფრაზე. უკვე წასვლას ვაპირებდით, რადგან ახალქალაქში, შტაბში უნდა გვქონოდა შეხვედრა. ამ დროს შემოვიდა შენობაში ჰაიკ რასტაკიანი, რომელიც ასევე ამ სოფლიდან არის წარმოშობით, თუმცა კავშირი არ აქვს ამ სოფელთან, ცხოვრობს ქალაქში. იყო ძალიან მთვრალი. არჩევნებზე დაიწყო ლაპარაკი და დაიწყო ლაპარაკი, რისი გაკეთება შეგვეძლო სოფლისთვის. იძახდა, რომ ენზელს შეუძლია, გაზის შეყვანა. ავუხსენი, რომ გაზის შეყვანა მთავრობის კომპეტენციაა. მან დაიწყო ცუდად მოქცევა. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციისგან გარიდებას, მაგრამ, როდესაც მიხვდა, რომ პროვოკაცია არ გამოსდიოდა, მოულოდნელად ცხვირში მომარტყა ხელი. ასეთი შეცდომა დაუშვა. ეს არის ძალიან ცუდი მისთვისაც და იმ ხალხისთვისაც, ვინც უბიძგებდა ამისკენ“, – განაცხადა სამველ მანუკიანმა.

დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს, თუმცა მისი მხარდამჭერის ჩხუბში მონაწილეობას არ გამორიცხავს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტს სამართალდამცველები გამოიძიებენ.

„ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს. 21 წელია დეპუტატი ვარ და მყავს ჩემი ერთგული აქტივისტები, მაგრამ ხომ არ შემიძლია, სათითაოდ დავურეკო და ვუთხრა, ჩუმად ისხდნენ, არაფერი აკეთონ და ვაკონტროლო, ვისთან ჩხუბობენ. მე არაფერი ვიცი, მანუკიანი რას აკეთებს და ვისთან ჩხუბობს, ამასთან მე არაფერ შუაში ვარ“, – განაცხადა ენზელ მკოიანმა.