ენზელ მკოიანი- გიორგი ვაშაძე დამემუქრა, უკეთესია, თუ იმუნიტეტს მოგიხსნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვალთ ხელისუფლებაში და შენთვის უარესი იქნებაო
ენზელ მკოიანი- გიორგი ვაშაძე დამემუქრა, უკეთესია, თუ იმუნიტეტს მოგიხსნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვალთ ხელისუფლებაში და შენთვის უარესი იქნებაო

პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე მას ტელეფონით ემუქრებოდა.

„ჩემგან ითხოვს, რომ პოლიციაში წავიდე, განცხადება დავწერო. მერე იმუნიტეტი მომიხსნან და ციხეში ჩამსვან. მას ელემენტარული ეთიკა და კულტურა არ გააჩნია. ავიწყდება, რომ უკვე ზედიზედ 20 წელია მაჟორიტარი ვარ. ისიც ავიწყდება, რომ 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაიონში 18 ათასი ხმა აიღო და ვაშაძე პარლამენტში სწორედ ამის წყალობით შევიდა. ახლა კი, მე მლანძღავს. როდესაც ვაშაძე და მელია ჩამოდიან, სწორედ ამის შემდეგ იწყება არეულობა, პროვოკაციები. უნდათ ჯავახეთში დესტაბილიზაციის მოწყობა. დამემუქრა, ამბობს, თითქოს პირადად ვმონაწილეობდი ცემაში. არადა ყველამ იცის, რომ ასე არ არის. ყველა ახალგაზრდას ვთხოვდი, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. ამის არა ერთი მოწმე არსებობს. იქ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვინც ხმა მისცა 48-ს, მაგათი დედაც… არსებობს ამის ჩანაწერები. ამის გამო მოხდა ყველაფერი. ამბობს, რომ შენთვის უკეთესი იქნება, თუ იმუნიტეტს მოგიხსნიან, იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვალთ ხელისუფლებაში და უარესი იქნება შენთვის. ტელეფონით მემუქრებოდა“, – განუცხადა პირველ არხს მკოიანმა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პროვოკაციებს არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგების გამო აწყობს.

„ნინოწმინდაში შეკრიბა ადამიანები და დაიწყო ჩემზე საუბარი, რომ მას დავიჭერთ, მალე აღარ იქნება, მისი დრო წასულია. რევოლუციის მოწყობა უნდა ჩემს რაიონში. არადა აქ სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მაღალი პროცენტი ჰქონდა. მეორე ტურში კი, უფრო მეტი ექნება. თუ ახლა 60-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, მეორე ტურში 80 პროცენტი იქნება“, – აღნიშნა მკოიანმა.