ენზელ მკოიანის შვილი - ახალქალაქში ადამიანზე თავდასხმაში მდებენ ბრალს, ბრალდებას ნაწილობრივ ვეთანხმები
ენზელ მკოიანის შვილი - ახალქალაქში ადამიანზე თავდასხმაში მდებენ ბრალს, ბრალდებას ნაწილობრივ ვეთანხმები

პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის შვილი კარაპეტ მკოიანი, რომელიც ერთ-ერთია, ვისაც ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალი წარედგინა, ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.

„ადამიანზე თავდასხმაში მდებენ ბრალს. ნაწილობრივ ვეთანხმები ამ ბრალდებას, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც არ ვეთანხმები გამოძიებას. სხვა ისეთი ბრალდებებიც წამიყენეს, რაც არ ჩამიდენია. ვაღიარე, რომ ნამდვილად მე გავუსწორდი ფიზიკურად ერთ-ერთ პირს, მაგრამ სხვაზე თავდასხმას, ვისზეც მითხრეს, უარვყოფ. ეს დანაშაული არ ჩამიდენია. გამომძიებლები ამბობდნენ ისეთ ფაქტებს, რასაც ადგილი არ ჰქონია. ცრუ ბრალდებებიც იყო ჩვენ წინააღმდეგ, რაც დადასტურდა კიდეც. დაველოდოთ სასამართლოს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს“, – აცხადებს ​კარაპეტ მკოიანი.

პროკურატურის ცნობით, 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალი ხუთ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს  ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და ის პირები, რომლებიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდნენ. მოწმის სახით ჩატარებული გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.