სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება 20 ივნისიდან დასაშვები ხდება
სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება 20 ივნისიდან დასაშვები ხდება

20 ივნისიდან სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები ხდება. ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. დოკუმენტის ის მუხლი, რომელიც კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვას უკავშირდებოდა და მათ ჩატარებას მხოლოდ დისტანციური ფორმით უშვებდა, ასე ჩამოყალიბდა: „კულტურული ღონისძიების ჩატარება, გარდა სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით“.

ცვლილება შევიდა დადგენილების იმ მუხლშიც რომელიც ეკონომიკური საქმიანობის რეგულირებას უკავშირდება და სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარების კრძალავს. აღნიშნულ მუხლს ახალი პუნქტი დაემატა სადაც წერია – „შეზღუდვა არ ვრცელდება სამუზეუმო საქმიანობაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად“.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები დღეს, 18 ივნისს შევიდა. დოკუმენტი დღესვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის 20 ივნისია მითითებული.