მთავრობის დადგენილებით, გარკვეული პირები სახელმწიფო სტიპენდიის სახით 600-დან 2 000 ლარამდე თანხას მიიღებენ
მთავრობის დადგენილებით, გარკვეული პირები სახელმწიფო სტიპენდიის სახით 600-დან 2 000 ლარამდე თანხას მიიღებენ
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები ყოველთვიურად, სახელმწიფო სტიპენდიის სახით 600-დან 2 000 ლარამდე თანხას მიიღებენ.
სტიპენდიების ოდენობა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.
სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდია 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით დაენიშნათ.
სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისთვის განესაზღვრათ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით..
ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 (რვაასი) ლარი;
ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 (ხუთასი) ლარი.
საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
როგორც აღნიშნულია, მთავრობის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიისთვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოფა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
მთავრობის დადგენილება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, დღეს, 3 ნოემბერს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. დოკუმენტში მითითებულია, რომ მისი მოქმედება გავრცელდება 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.