გიორგი გაბუნია - მთავრობის გადაწყვეტილება დროულია, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და შრომითი სარგებლის მიღების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება სწორი და დროულია.
გაბუნიას კითხვა დაუსვეს საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.
„ეს არის სწორი და დროული გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება იმისთვის, რომ დასაქმდნენ და შრომითი სარგებელი მიიღონ. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში დადებით შედეგებს მოგვცემს და მოსახლეობაზე პოზიტიურად აისახება. საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ სადაც ცხოვრობ, კონკრეტული ნებართვა გჭირდება როგორც ბინადრობის, ასევე დასაქმების. საქართველოში ეკონომიკა იზრდება, რამაც მაღალი დასაქმების შესაძლებლობა გააჩინა და მნიშვნელოვანია, რომ ეს სიკეთე მოსახლეობაზე აისახოს. განკარგულებით დადგენილია კონკრეტული სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.