სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

ცქიტიშვილის განმარტებით, გზის ამ მონაკვეთზე ტენდერი მეორედ ჩატარდა, რადგან პირველ ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულმა კომპანიამ სატენდერო პირობები დაარღვია და ქართულ მხარე კი დავას ავანსად გადარიცხული თანხის ამოსაღებად აგრძელებს. 

„უკრაინულ კომპანიასთან ხელშეკრულება წინა წლებში შეწყდა. ჩვენ ახლა დავაში ვართ, რათა ავანსის სახით გადარიცხული თანხა ბანკიდან ამოვიღოთ. სამწუხაროდ უკრაინული ბანკი, რომელმაც გარანტია გასცა ამ თანხას არ გვიბრუნებს. ამოსაღები თანხა 20 მილიონი ევროს ფარგლებშია. რაც შეეხება სამტრედია- გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობას, ამ მიმართულებით დადებითი დინამიკა გვქვს. ამ მონაკვეთზე ტენდერი ჩატარდა. არის გამარჯვებული და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება”, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკორდთან“ ხელშეკრულება გასული წლის 13 ნოემბერს გაფორმდა. აღნიშნულ მონაკვეთზე, კომპანია „ალტკომის“ მიერ, შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ 24%, „ალტკომს“ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა. გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ დარჩენილი 76%-ის მშენებლობა უნდა განახორციელოს. პროექტი, 11.5 კმ. გზაზე, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.