სამთავრობო პროგრამა - მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, სამ წელიწადში კერძო სექტორს ორი მილიარდი ლარი დარჩება
სამთავრობო პროგრამა - მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, სამ წელიწადში კერძო სექტორს ორი მილიარდი ლარი დარჩება

ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომელიც უკვე წარედგინა პარლამენტს, ფისკალური ჩარჩო რამდენიმე პრინციპს დაეყრდნობა, გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, ხოლო გამოთავისუფლებული სახსრები გადანაწილდება პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე.

პროგრამის მიხედვით, ასევე, შენარჩუნდება საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი, გაგრძელდება სოციალური გასაცემლების ზრდა და მოხდება საპენსიო რეფორმის დაფინანსებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება.

რაც შეეხება მთავრობის ვალს, პროგრამის მიხედვით, ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შენარჩუნდება სტაბილურ დონეზე. ამასთან, ვალის აღება განხორციელდება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის.

„უნდა შენარჩუნდეს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია. საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, მიაღწიოს საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონეს (BBB- /Baa3), რაც შესაძლებელს ხდის ქვეყანაში საერთაშორისო მსხვილი საინვესტიციო ფონდების ინვესტირების განხორციელებას და უზრუნველყოფს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, მათ შორის კერძო სექტორისათვის, ასევე ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას მაღალხარისხიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავრობა შეიმუშავებს საშუალოვადიან სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელთან შესაბამისობაშიც იქნება მთავრობის მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებები“, – აღნიშნულია პროგრამაში.

ამასთანავე, პროგრამის მიხედვით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, კერძო სექტორს 2020 წლამდე დაახლოებით ორი მილიარდი ლარი დარჩება, რამაც უნდა წაახალისოს ინვესტიციების მოზიდვა, დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. გაგრძელდება დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების რეფორმა, რის შედეგადაც 2018-2020 წლებში ბიზნესს დაუბრუნდება 1,5 მლრდ ლარზე მეტი. „2018 წლის მიმდინარე პერიოდში ბიზნესსექტორს უკვე დაუბრუნდა 200 მლნ ლარზე მეტი თანხა, რაც, პრაქტიკულად, წინა წლის წლიურ მაჩვენებელს უთანაბრდება. საგადასახადო ზედმეტობები 2020 წლის ბოლოსთვის სრულად იქნება გარდაქმნილი ლიკვიდურ აქტივებად’’, – აღნიშნულია პროგრამაში.