„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით ბიზნესსექტორთან კონსულტაციები დაიწყო
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით ბიზნესსექტორთან კონსულტაციები დაიწყო

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სამთავრობო პროგრამაში კერძო სექტორის ჩართულობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესსექტორთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.

პროექტის დეტალები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისა და საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს გააცნო.

როგორც აღინიშნა, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პროცესში პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს სახელმწიფო პროგრამის მექანიზმი. მათივე ცნობით, პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.

შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად უზრუნველყოფს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.