სამშობიაროები, რომლებიც წელიწადში 750-ზე ნაკლებ მშობიარეს მოემსახურებიან, საყოველთაო ჯანდაცვას გამოეთიშებიან
სამშობიაროები, რომლებიც წელიწადში 750-ზე ნაკლებ მშობიარეს მოემსახურებიან, საყოველთაო ჯანდაცვას გამოეთიშებიან

სელექტიური კონტრაქტირების ფარგლებში, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება.

მთავრობის 180-ე დადგენილების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მხოლოდ ის სამშობიარო კლინიკები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც წელიწადში მინიმუმ 750 მშობიარობა დაფიქსირდება. აქამდე მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობა (აქ შედის როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა, ისე საკეისრო კვეთა) იყო.

როგორც პირველ არხთან საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მაია ხომერიკმა განმარტა, პირობების გამკაცრება საერთაშორისო ნორმატივებს შეესაბამება და დროთა განმავლობაში ის 1000 მშობიარობამდე გაიზრდება.

მაია ხომერიკის განმარტებით, სტანდარტების გამკაცრების მიზანია, კლინიკებმა შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ სერვისის ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია პაციენტების რაოდენობასთან.

ახალი სტანდარტი 2019 წლიდან ამოქმედდება, შესაბამისად, მომავალი წლიდან სახელმწიფო კონტრაქტს მხოლოდ იმ კლინიკებთან გააფორმებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში სულ მცირე 750 მშობიარეს მოემსახურნენ.

მაია ხომერიკის თქმით, ცვლილების შედეგად კლინიკების ნაწილმა შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა ვეღარ შეძლოს. თუმცა, როგორც ხომერიკი აცხადებს, ამის გამო, მოსახლეობას აღნიშნული სერვისების მიწოდების პრობლემა არ შეექმნება.

შეგახსენებთ, რომ სელექტიური კონტრაქტირების პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვაში იმ კლინიკების ჩართვას, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. სწორედ ამ კრიტერიუმებს შორისაა წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარის მიღება. ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე სამშობიაროებზე ვრცელდება.